English / ქართული / русский /
თამარ თაფლაძელია თოთლაძეგივი ვეშაპელი
ინოვაციური აქტივობის დეტერმინანტები: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ანალიზი

ანოტაცია.დღეს მსოფლიოში არსებული რეალობა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნებს. უფრო გაიზარდა ქვეყნის განვითარების გზების ძიების აქტუალობა, რომელიც განმსაზღვრელი იქნება ქვეყნის ადგილისა და როლისათვის მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. ერთ-ერთ რელევანტურ მიმართულებად განიხილება ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება. ნაშრომში გადმოცემულია ინოვაციური აქტიურობის როგორც მაკრო, ასევე მიკროდეტერმინანტების ანალიზი. მაკროპერ­სპექტივით განხილულია ქვეყნის ინოვაციური აქტიურობის შეფასებისათვის გაანგარიშებული ინდექსები, ხოლო მიკროპერსპექტივით - ეკონომიკურ ლიტერატუ­რაში გავრცელებული თეორიული და ემპირიული მოდელები, რომლებშიც ჩართული მაჩვენებლები, როგორიცაა ფირმის ზომა, ბაზრის სტრუქტურა და ა.შ., განეკუთვნება მიკროდონეზე ინოვაციური აქტიურობის განმაპირობებელ ფაქტორებს.

კვლევაში ასევე მოცემულია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების შედარებითი ანალიზი აღნიშნული ინდექსებისა (მაკროდონე) და მახასიათებლების (მიკროდონე) კონტექსტში. განხორციელებული ანალიზის საფუძ­ველზე კი წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.

საკვანძო სიტყვები:  ინოვაციური აქტივობა; გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი; ინოვაციის გლობალური ინდექსი. 

თანამედროვე მსოფლიო ინოვაციურობის შესაფასებლად სხვადასხვა მაჩვენებ­ლებს იყენებს. ეს ინდიკატორები მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, რომელთა მეშვეობითაც  ეკონომიკურ ლიტერატურაში ინოვაციები განიხილება როგორც მიკრო, ასევე მაკროპერსპექტივით, შესაბამისად, თანამედროვე  ლიტერატურაში ინოვაციური აქტივობის შეფასებისათვის აუცილებლად  გამოიყოფა ორი დონე:  მაკრო-  და მიკროდონე.

მაკროდონეზე  (ქვეყნის)  ინოვაციების შეფასებისას ყურადღება ფოკუსირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის, ევროკომისიის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო ბანკის, გაეროს და ა.შ.) მიერ შემუშავებული სხვადასხვა ტიპის ინდექსების გაანგარიშებაზე,რომლებიც ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის დონეს ასახავს. ადამიანების მიერ ინოვაციების შექმნის, გამოყენებისა და მართვის უნარი დამოკიდებულია  ფაქტორებზე, რომელთა შორისაც შეიძლება გამოიყოს: ზოგადი, საშუალო და უმაღლესი განათლების თავისებურებები (განათლების ხანგრძლივობა სხვადასხვა დონეზე, საგანმანათლებლო პროგრამები, განათლების ხარისხი სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში, განათლების დონის შეფასების კოგნიტური მაჩვენებლები); ინდექსები, რომლებიც აფასებენ ინოვაციურობის, კონკურენტუნარიანობის ხარისხს, დანახარჯები კვლევებსა და დამუშავებებზე  და ა.შ. განათლება, ცოდნის კაპიტალი წარმოადგენს ადამიანისეული კაპიტალის ფორმირების უმთავრეს ფაქტორს ეროვნული ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისთვის. 

მიკროდონეზე (ფირმების) კი ყურადღება გამახვილებულია მენეჯმენტის მნიშვნელობაზე, იმ ფაქტორებზე, რომლებიც განაპირობებენ კომპანიების ინოვაციურ აქტივობას. ინოვაციური საქმიანობა   სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ორგანიზაციული, ფინანსური და კომერციული ღონისძიებებია, რომლებიც   ინოვაციების განხორციელებას ისახავს მიზნად. ზოგიერთი ინოვაციური აქტივობა თავისთავად ინოვაციურია, სხვები არ არის ახალი აქტივობები, მაგრამ აუცილებელია ინოვაციების განსახორციელებლად. ინოვაციური საქმიანობა ასევე მოიცავს კვლევასა და განვითარებას (R&D), რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული კონკრეტული ინოვაციის განვითარებასთან. ინოვაციის საერთო მახასიათებელია განხორციელების აუცილებლობა. ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტის დანერგვა ხდება მაშინ, როდესაც ის წარმოდგენილია ბაზარზე. საინოვაციო აქტივობები თავისი ბუნებით ძლიერ განსხვავდება. ზოგიერთი ფირმა ერთვება კარგად განსაზღვრულ ინოვაციურ პროექტებში, როგორიცაა ახალი პროდუქტის შემუშავება და დანერგვა, ზოგი კი, უპირველეს ყოვლისა,  აუმჯობესებს მათ პროდუქტებს, პროცესებსა და ოპერაციებს. ორივე ტიპის ფირმა შეიძლება იყოს ინოვაციური: ინოვაცია შეიძლება შედგებოდეს ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისგან ან მცირე დამატებითი ცვლილებების სერიისგან, რომლებიც ერთად წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას. მიკროდონეზე ინოვაციური აქტივობის  დეტერმინანტებს განეკუთვნება: ფირმის ზომა, ბაზრის სტრუქტურა და ეკონომიკური ზრდა. 

ინოვაციური აქტივობა: მაკრო დეტერმინანტები. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ამ ინდექსის გაანგარიშება ემყარება მრავალრიცხოვან ქვეინდექსებს და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ინდექსის გაანგარიშება ეყრდნობა ერთსა და იმავე ქვეინდექსს ან მახასიათებელს. შესაბამისად შინაარსობრივად  (მათი მეთოდოლოგიური აპარატის განსხვავების მიუხედავად) ერთს გამოხატავს. დღეისათვის გაიანგარიშება მაჩვენებლები:

1. ევროკომისიის ინოვაციების ინდექსი (Summary Innovation Index  (SII ) –  25 ინდიკატორის ბაზაზე;

2. მსოფლიო ბანკის ცოდნის ეკონომიკის ინდექსი (Knowledge Economy Index (KEI) -- 109 ინდიკატორის ბაზაზე;

3. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის  გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (Global Competitiveness Index  (GCI) -- 114 ინდიკატორის ბაზაზე;

4. CORNELL, INSEAD და  WIPO-ს   გლობალური ინოვაციურობის ინდექსი (Global Innovation Index (GII)  -- 81 ინდიკატორის ბაზაზე. 

Summary Innovation Index  გაიანგარიშება ევროკავშირის ქვეყნებისათვის. ვინაიდან ამ ინდექსის გაანგარიშება საქართველოსთვის არ ხდება, შევეხებით იმ მაჩვენებლებს, რომლებიც გაიანგარიშება საქართველოსთვისაც.

მსოფლიო ბანკი ქვეყანაში ცოდნის ეკონომიკის ფორმირების ხარისხს ცოდნის შეფასების მეთოდოლოგიით (Knowledge Assessment Methodology – KAM) განსაზღვრავს, რომელშიც გათვალისწინებულია ორი  ინდექსის – ცოდნის ინდექსისა (Knowledge Index – KI) და ცოდნის ეკონომიკის ინდექსის (Knowledge Economy Index – KEI) – გაანგარიშება. ცოდნის ინდექსით (KI) იზომება ქვეყნის უნარი, მოახდინოს ცოდნის გენერირება, მიღება და დიფუზია. იგი სამი ცვლადის – განათლების, ინოვაციებისა და ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების საშუალო მაჩვენებელია.

ცოდნის ინდექსით (KI) იზომება ქვეყნის უნარი, შექმნას, აითვისოს და გაავრცელოს ცოდნა. მეთოდოლოგიურად ცოდნის ინდექსი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია ცოდნის ეკონომიკის სამი ძირითადი საყრდენის მიხედვით: განათლება და ადამიანური რესურსები, ინოვაციათა სისტემა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიები.

ცოდნის ეკონომიკის ინდექსით (KEI) განისაზღვრება, არის თუ არა გარემო იმ ცოდნის ხელშემწყობი, რომელიც ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ის ერთობლივი ინდექსია, რომელიც გამოხატავს ქვეყნის მთლიანი განვითარების დონეს ცოდნის ეკონომიკის მიმართულებით. KEI გამოითვლება ცოდნის ეკონომიკის ოთხი ძირითადი საყრდენის მიხედვით: ეკონომიკური სტიმულები და ინსტიტუციონალური რეჟიმი, განათლება და ადამიანური რესურსები, ინოვაციათა სისტემა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.  ცხრილში მოცემულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ცოდნის ეკონომიკისა და ცოდნის ინდექსების 2015 წლის მაჩვენებლები (ეს ინდექსი 2015 წლის შემდეგ აღარ გაიანგარიშება). აღნიშნული ინდექსების ანალიზი ცხადყოფს საქართველოს სუსტ პოზიციებს ამ ინდექსებში. მსოფლიო მასშტაბით ხუთეულშია ქვეყნები: დანია (KEI  - 9,58; KI - 9,55); შვედეთი  (KEI - 9,52; KI - 9,63); ფინეთი (KEI - 9,37; KI - 9,30);  ნიდერლანდები (KEI - 9,32; KI - 9,36) და ნორვეგია (KEI - 9,27; KI - 9,27).

ცხრილი #1

ცოდნის ეკონომიკის ინდექსი

ქვეყანა

KEI

KI

მსოფლიო რანგი

ბელარუსი

4,93

6,39

69

საქართველო

4,69

5,07

73

უკრაინა

5,80

5,38

52

სომხეთი

5,51

5,44

59

აზერბაიჯანი

3,81

3,90

88

მოლდოვა

5,04

5,32

67

წყარო: http://databank.worldbank.org/data 

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს (GCI) განსაზღვრავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (1979 წლიდან), იგი ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობასა და ტექნოლოგიური მზაობის დონეს. ქვეყნის რეიტინგი ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ სტატისტიკურ მონაცემებსა (მსოფლიო ბანკი, WB; საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ.) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ეგიდით ჩატარებული კვლევების შედეგებს. ყოველწლიური კვლევა ხორციელდება პარტნიორი ინსტიტუტების ხელშეწყობით (სამეცნიერო ინსტიტუტები და ბიზნესორგანიზაციები). საქართველო GCI-ს კვლევაში ჩართულია 2004 წლიდან.

GCI ახდენს იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ბიზნესკლიმატის შექმნისათვის და საყურადღებოა მწარმოებლურობისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შედგენილი ინდექსის სტრუქტურა სამი მთავარი ბლოკისგან შედგება. ესენია: ძირითადი მოთხოვნები, ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები და ინოვაციური ფაქტორები. თავის მხრივ, ძირითადი მოთხოვნები მოიცავს: სახელმწიფო ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურას, მაკროეკონომიკურ გარემოს, საბაზისო განათლებას და ჯანდაცვას. ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები მოიცავს: უმაღლეს განათლებას, საქონლისა და შრომის ბაზრის ეფექტიანობას, ფინანსური ბაზრების განვითარებას, ტექნოლოგიებს და ბაზრის ზომას. ინოვაციური ფაქტორები მოიცავს ბიზნესის განვითარებასა და ინოვაციებს. გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გარეშე შეუძლებელია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაანგარიშებისას გლობალურ კონკურენტუ­ნარიანობაზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გავლენას დიდ ყურადღებას უთმობს.

ცხრილში მოცემულია გლობალური აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2019 წლის მონაცემები, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ამ ქვეყნებს შორისაც კი საქართველოს არც თუ სახარბიელო პოზიცია აქვს. 

ცხრილი  #2

გლობალური  კონკურენტუნარიანობის  ინდექსი

ქვეყანა

GCI

მსოფლიო რანგი

ბელარუსი

55

82

უკრაინა

57

85

მოლდოვა

56,7

86

აზერბაიჯანი

62,7

58

საქართველო

60,6

74

სომხეთი

61,3

69

წყარო: http://databank.worldbank.org/data 

რაც შეეხება ლიდერ ქვეყნებს, უნდა აღინიშნოს,  რომ წამყვან პოზიციებზე არიან სინგაპური (GCI - 84,8); აშშ (GCI - 83,7); ჰონ-კონგი (GCI - 83,1); ნიდერლანდები (GCI - 82,4) და შვეიცარია (GCI - 82,3).

ინოვაციის გლობალური ინდექსი (The Global Innovation Index) გვიჩვენებს ქვეყნების რეიტინგს ინოვაციების განვითარების დონის მიხედვით. ინდექსს საერთაშორისო ბიზნესსკოლის INSEAD (საფრანგეთი) მეთოდიკით ანგარიშობენ. პირველი კვლევა 2007 წელს ჩატარდა და დღეს ათ სხვადასხვა ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მაჩვენებელი ინდიკატორების ყველაზე სრულყოფილ კომპლექსს წარმოადგენს. წელს მიზნად არის დასახული, განსაზღვროს ის განზომილებები და მიდგომები, რომლებიც უკეთ გამოაჩენენ ინოვაციების სიმდიდრეს საზოგადოებაში, და ისეთი ტრადიციული საზომი ერთეულები (ინოვაციის), როგორიცაა კვლევითი სტატიები და კვლევა-განვითარების დანახარჯების  დონე.

ქვეყნების ინოვაციური განვითარების შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ინოვაციის გლობალური ინდექსი (GII), რომელიც გამოითვლება ორი ჯგუფის ინდიკატორების შეფასებათა შეწონილი ჯამით:

1. არსებული რესურსები და ინოვაციათა განხორციელების პირობები  (Innovation Input)  მოიცავს ინსტიტუტებს (პოლიტიკურ გარემოს, მარეგულირებელ გარემოს და ბიზნესგარემოს), ადამიანისეულ კაპიტალსა [განათლებას, უმაღლეს  (მესამეულ) განათლებას, კვლევა-განვითარებას]  და კვლევებს, ინფრასტრუქტურას (ინფორმაციულ და კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს, საერთო ინფრასტრუქტურას, ეკოლოგიურ მდგრად განვითარებას), შიდა ბაზრისა (კრედიტს, ინვესტიციას, ვაჭრობას, კონკურენციას, & ბაზრის მასშტაბს)  და ბიზნესის განვითარებას;

2. ინოვაციათა განხორციელების შედეგად მიღებული პრაქტიკული შედეგები (Innovation Output). რომელშიც შედის: ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური ცოდნის განვითარება, კრეატიული საქმიანობის შედეგები. ამრიგად, საერთო მაჩვენებელი არის თანაფარდობა ხარჯსა და ეფექტს შორის, რომელიც საშუალებას  იძლევა, შეფასდეს  ქვეყანაში  ინოვაციების  განვითარების  ეფექტურობის  ხელშეწყობა.

ცხრილი #3

გლობალური ინოვაციური ინდექსი 

ქვეყანა

GII -2021

მსოფლიო რანგი

ბელარუსი

36,6

63

უკრაინა

35,6

49

მოლდოვა

32,3

51

აზერბაიჯანი

28,4

80

საქართველო

32,4

50

სომხეთი

31,4

69

წყარო: https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2021.pdf 

ინოვაციის გლობალური  ინდექსის რანჟირებულ ცხრილში პირველ ადგილზე შვეიცარიაა (GII – 65,5), მეორეზე – შვედეთი (GII – 63,1), შემდეგ ადგილებზე კი – ამერიკის შეერთებული შტატები (GII - 61,3), გაერთანებული სამეფო (GII - 59,8)  და კორეა (GII - 59,3). 

ინოვაციური აქტივობა: მიკროდეტერმინანტები

ემპირიულ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული და დამკვიდრებული მოსაზრების მიხედვით ინოვაციურობის მიკროდეტერმინანტებად განიხილება ფირმის ზომა და ბაზრის სტრუქტურა. ამგვარი მიდგომა უკავშირდება შუმპეტერის სახელს, შემდგომ მრავალი ემპირიული კვლევითაც დადატურდა აღნიშნული (Baldwin and Scott (1987), Cohen and Levin (1989), Cohen (1995) and Kamien and Schwartz (1982).

შუმპეტერის (Schumpeter (1950) მიხედვით, დიდ ფირმებს აქვთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისათვის აუცილებელი სახსრები. მეორე  მხრივ კი გასათვალისწინებელია, რომ პატარა ფირმები უფრო მოქნილები არიან ინოვაციების დანერგვასთან, თანამშრომელთა გადამზადებასთან და ახალი პროექტების მართვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისას.

 ინოვაციური აქტივობის მიკროდეტერნინანტების პერსპექტივით შესაფასებელ მოდელში:

 

ამხსნელ ცვლადებად განიხილება ბიზნესის ზომა (რომელიც იზომება გაყიდვების მოცულობით); R&D ინტენსივობა; ბაზრის სტრუქტურა.

ინოვაციური აქტიურობის არსებული მდგომარეობისა და დინამიკის შეფასებისათვის საინტერესოა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზი. სტატისტიკური მონაცემები ემყარება საქართველოში მოქმედ საწარმოთა  კვლევას, რომელიც ეყრდნობა კომპანიების მიერ ინოვაციების შეტანას ბაზარზე,  ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებული სწავლებას,  საკუთარ კვლევებს და დამუშავებებს, გარე კვლევებსა და დამუშავებებს, მანქანა -დანადგარებისა და პროგრამული  უზრუნველყოფის შეძენას.

როგორც ცხრილიდან ჩანს პრაქტიკულად არც ერთი ზემოთაღნიშნული მაჩვენებლის დინამიკაში გამოკვეთილი ზრდის ტენდენცია არ ჩანს. უფრო მეტიც, იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომელთაც განახორციელეს მანქანა-დანადგარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა, შემცირებულია: თუ 2015 წელს იგი 27,2% იყო, 2019 წლის მონაცემების მიხედვით მან 19,3 შეადგინა. ამგვარი ტენდენცია ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ საქმოანობაში არ იზრდება.

                                                                         ცხრილი 4

საწარმოს ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში (%)

მახასიათებელი

2015

2016

2017

2018

2019

ინოვაციების შეტანა ბაზარზე

11,7

11,8

11,8

11,3

12,8

ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებული სწავლება

15,1

13,8

14,4

15,1

13,1

საკუთარი კვლევები და დამუშავებები

12,1

13,1

12,9

13,6

12,5

გარე კვლევები და დამუშავებები

5,0

5,2

5,6

5,1

6,5

მანქანა-დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის  შეძენა

27,2

21,5

19,5

20,8

19,3

წყარო: www.Geostat.ge 

ჩვენ მიერ განხილული ინდექსების (მათი შემადგენელი ფაქტორებით) კარგად ჩანს, მჭიდრო ურთიერთკავშირი და პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება კონკურენტუნარიანობის დონესა, ინოვაციური განვითარების და ადამიანის განვითარებას შორის, ანუ, რაც უფრო მაღალია ქვეყანაში ადამიანის განვითარება (კონკურენტუნარიანი ადამიანისეული კაპიტალი სამივე დონეზე –ინდივიდუალური, კორპორატიული, ეროვნული), მით უფრო მაღალია მისი ინოვაციური პოტენციალი და კონკურენტუნარიანობის დონე.

ეფექტიანი საგანმანათლებლო სისტემა, ცხადია ხელს უწყობს ქვეყანაში სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვას, გლობალური ტექნოლოგიური ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას. მოსახლეობის განათლების მაღალი დონე მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე მოთხოვნის განვითარების წინაპირობაა და ინოვაციური პროდუქტებისა და პროცესების შექმნას ასტიმულირებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებულ ცოდნას,  შრომის ბაზარზე სპეციალისტების უნარ-ჩვევებსა და კვალიფიკაციაზე არსებულ მოთხოვნას შორის.

საქართველოს ინოვაციური სექტორის შესაქმნელად საჭიროა ინოვაციური პოტენციალის შეფასება, არსებული მეცნიერული დამუშავებებისა და გამოგონებების კომერციალიზაცია, აქტუალური სიახლეების ძიება და მათზე მოთხოვნის სტიმულირება. აუცილებელია, რომ მეცნიერების აღორძინება და განათლების სისტემის სრულყოფა, ინოვაციური საქმიანობის გააქტიურება და მისი ეფექტიანი მართვა სახელმწიფოს სისტემატური ზრუნვის საგანი გახდეს. სახელმწიფოსთან ერთად ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა კერძო სექტორმა უნდა მიიღოს. აუცილებელია მუდმივი კავშირი მეცნიერებას, ბიზნესსა და  სახელმწიფოს  შორის.

საქართველოს საინოვაციო პოტენციალისა და ტექნოლოგიების ათვისების უნარის რეიტინგებში დაბალი შეფასებები, აგრეთვე საკმაოდ დაბალი ხარისხი საწარმოთა ინოვაციურ საქმიანობაში ჩართვისაგანპირობებულია იმით, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით ვითარდება არა ინოვაციური გზით.სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები ეკონომიკის სწორი მიმართულებით განვითარებისა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თოთლაძე ლ., ვეშაპელი გ. (2021) ციფრული ტრანფორმაციის შრომასა და შრომის ბაზარზე ზეგავლენის საკითხისათვის. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „XXI საუკუნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები“, მასალათა კრებული,თბილისი; http://conferenceconomics.tsu.ge/doc/2021%20konf.pdf
  2. თოთლაძე ლ.,  ხუსკივაძე მ. (2019). ადამიანი-კაპიტალი და მისი გაზომვის მიდგომები.თსუ IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”, მასალები. თსუ გამომცემლობა, https://tsu.ge/assets/media/files/7/konf%20IV19.pdf;
  3. Appiah E. N. (2017)  The Effect of Education Expenditure on Per Capita GDP in Developing Countries.  International Journal of Economics and Finance; Vol. 9, No. 10;.  https://doi.org/10.5539/ijef.v9n10p136
  4. Hanushek, E. A., & Wößmann, L. (2010). Education and Economic Growth. In P. Peterson, E. Baker, & B. McGaw (Eds.), International Encyclopedia of Education(Vol. 2, pp. 245-252). https://doi.org/10.1016/B978-0-08-044894-7.01227-6
  5. Izushi H., Huggins R., (2004) Empirical analysis of human capital development and economic growth in European regions, Cedefop Reference series, 54, Office for Official Publications of the European Communities.
  6. Mankiw, G. N. (2007). Principles of microeconomics (4th ed.). Mason, USA: Thomson South-Western Publisher.
  7. Pelinescu E. (2015) The impact of human capital on economic growth. Procedia Economics and Finance 22 ( 2015 ) 184 – 190 Available online at www.sciencedirect.com;
  8. Romer, P. M. (1990). Endogenous technological change. The Journal of Political Economy, 98(5), S71-S102. https://doi.org/10.1086/261725
  9. Serena María J. Freire, (2001). Human capital accumulation and economic growth, Investigaciones Económicas, vol.XXV (3), pp.585-602;
  10. Totladze L. (2020) Government Expenditure on Education and R&D as a Factor  of Homan Capital  and it’s   Impact  on Economic Growth.  საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომისტი“, #2 2020.  ISSN 1987-6890 https://doi.org/10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.02.TOTLADZE  
  11. Totladze L., Khuskivadze M. (2020)The Effect of Foreign Direct Investments on Innovation and Technology Transfer. საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტკონფერენციის მასალათა კრებული. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინტიტუტი, თბილისი, 2020;http://conferenceconomics.tsu.ge/doc/2020konfint.pdf
  12. http://data.uis.unesco.org ;
  13. https://unctad.org;
  14. https://www.wipo.int/ipstats/en/statistics.